დიდი მხატვრების მიერ შექმნილ ყველა შედევრსაც და უცნობი ავტორების დაწერილ, არც თუ სახელგანთქმულ ტილოებსაც საკუთარი ისტორია აქვთ და, მოგეხსენებათ, მოლი ბლუმს უყვარს, როდესაც მკითხველს ამა თუ იმ ნახატთან დაკავშირებულ საინტერესო ამბებს მოუთხრობს ხოლმე. ალბათ, იმაშიც დამეთანხმებით, თუ ვიტყვი, რომ ამ თემაზე საკმაოდ ხშირად ვწერ . ჰოდა, ვფიქრობ, ახლა დადგა დრო, როდესაც პაბლო პიკასოს “გერნიკაზე“ უნდა გიამბოთ.
ფერწერით დიდი ხანია, გატაცებული ვარ, ბატალისტების შემოქმედებასაც, ასე თუ ისე, ვიცნობ, მაგრამ გამიჭირდება, გიპასუხოთ, არსებობს თუ არა სხვა ტილო, რომელიც ასეთი სიმძაფრით გამოხატავს ომის საშინელებას.
1937 წელს, გაგანია სამოქალაქო ომის დროს, ლიუფტვაფეს მოხალისეთა ლეგიონმა – “კონდორმა“ მიწასთან გაასწორა პატარა ბასკური ქალაქი – გერნიკა. ექვსი ათასი მოსახლის მესამედზე მეტი ნანგრევებში ჩაიმარხა. ეს იყო გაუგონარი სისასტიკით განხორციელებული საჰაერო თავდასხმა – ნაქალაქარში სამი დღის მანძილზე ჩაუქრობელი ხანძარი ბობოქრობდა.
ისევე, როგორც მთელი მსოფლიო, დიდი ესპანელი ფერმწერი შეძრწუნებული ადევნებდა თვალს ბასკეთში დატრიალებულ ცოდვის კალოს. უკვე იმ წუთებში, როდესაც გერნიკას ჯერ კიდევ ცეცხლის ალი ასდიოდა, მის გონებაში მომავალი შედევრის კონტურები იკვეთებოდა და სულ მცირე ხნის შემდეგ საზოგადოების სამსჯავროზე პიკასომ ახალი ტილო გამოიტანა.
კუბისტურ-სიურეალისტური მანერით ასახული ამქვეყნიური ჯოჯოხეთი საოცრად შთამბეჭდავი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ პუბლიკა საკმაოდ გულგრილად შეხვდა “გერნიკას“, იყვნენ ისეთებიც, ვინც ტილოზე ზუსტად ის დაინახა, რის თქმასაც ავტორი ცდილობდა… ვინც შეამჩნია სასოწარკვეთა, თავზარი და ყოვლისმომცველი შიში, აღიქვა ის კოშმარი, ცეცხლის წვიმაში მოყოლილი უდანაშაულო ბასკები რომ განიცდიდნენ, შეიგრძნო უმწეობა და არაადამიანური ტკივილი, რომლითაც ეს სურათია გაჯერებული…
ცნობილი დანიელი კარიკატურისტი ბიდსტრუპი ამ ტილოს ომის წინააღმდეგ მიმართულ ყველაზე ხმამაღალ და მნიშვნელოვან პროტესტად თვლიდა. ერთი ლეგენდა კი გვიამბობს, როგორ ესტუმრა პიკასოს სახელოსნოს ოკუპირებულ პარიზში გერმანელი ოფიცერი, რომელმაც „გერნიკას“ დანახვაზე აღტაცება ვერ დაფარა და მხატვარს მიუბრუნდა:
“ეს თქვენი ნამუშევარია, ბატონო?“
ფერმწერმა აუჩქარებლად შეიმშრალა საღებავით დასვრილი ხელები და დინჯად მიუგო:
“არა, ჰერ, ეს თქვენი ნამუშევარია.“

საამაყო სტუმრის პოსტი ^^
უდავოდ საინტერესო ისტორიის შთამბეჭდავი ნამუშევარია!
ლეგენდაა გენიალური! ნუ, ნახატის შეფასებისგან, როგორც არაკომპეტენტური პირი, თავს შევიკავებ და უბრალოდ, დავეთანხმები პოსტის პათოსს
ჩადი დრეზდენში მაქვეა და აუცილებლად ნახე ეს ტილო,დარწმუნებული ვარ იმოქმედებს.
ქევან და მემე, მადლობა. თამარა, ნახატი მართლა გენიალურია. იშვიათი პიკასო, რომელიც მომწონს. და გერნიკა მადრიდში არ არის? ჯერ პრადოში არ იყო და მერე დედოფალ სოფიას მუზეუმში?
მადრიდი მოლი)) იმედია მეპატიება.
მაგარია!
რომ ვკითხულობდი,მოლის ხელწერა ვიცანი და შემდეგ ვნახე,რომ გესტ-პოსტი იყო.
კიი, მოლი ჩემი სტუმარი გახდა :დ