აქამდე არასდროს დამიწერია პროფესიული პოსტი და ვფიქრობ არც ეს იქნება ზედმეტად გადატვირთული მენტორული ტონით. მითხრეს კი, რომ აბა მიდი შენ იცი და შენმა თარჯიმნობამო, მაგრამ მათგან განსხვავებით მე არ მამშვიდებს ჩემი მთარგმელობითი გამოცდილება, რომელიც მწირი მეჩვენება, არ ვარ ამბიციური, თუ შეიძლება რომ ასე ითქვას. მე უფრო თქვენ მოგისმენთ, ვიდრე აქეთ გასწავლიდეთ. ვფლობ B2 დონის ინგლისურს, CV–შიც მუდამ მიწერია რომ ინგლისური ვიცი კარგად. მაგრამ პოსტის მთავარი აზრი ეს არ არის. მე მსურს დაგაფიქროთ თქვენ – მთარგმნელებო და თქვენ – მომხმარებლებო, მთარგმნელის სამუშაოზე. მინდა ორიოდე სიტყვით მაინც აგიხსნათ მის სპეციფიკაზე.

პირველ რიგში, უნდა ავღნიშნო, რომ თარგმნა ქირურგიულ ოპერაციას ჰგავს (ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვუყურებ); და ამ ფრაზაში მე ვგულისხმობ იმ სირთულეს, დაძაბულობას, ცოდნას რაც ორივე სამუშაოს სჭირდება. როგორც ექიმი ქირურგი შედის საოპერაციოში და იწყებს ურთულეს ოპერაციას გულზე, სწორედ ასევე ჰკიდებს ხელს მთარგმნელი სათარგმნ მასალას. თუ ექიმს ოპერაციისას პაციენტი შემოაკვდება, ის საყოველთაო განსჯის საგანი ხდება. დაწვრილებით იკვლევენ შემთხვევას, რათა საბოლოო ვერდიქტი გამოიტანონ – შემთხვევითობა იყო თუ ექიმის დაუდევრობა. მთარგმნელის საქმეც ასეა. გარდა ამისა, მანახეთ ექიმი, რომელსაც შეცდომა არ დაუშვია. აბა გულზე ხელი დაიდეთ, ჩემო მთარგმნელებო (დიპლომირებულებო) და გამოუტყდით საკუთარ თავს მაინც, განა არასდროს დაგიშვიათ შეცდომა თარგმნისას? ნუთუ ასე იდეალურად თარგმნით (ყოველდროს, ყველგან)? დამშვიდდით, შეცდომები ყოველთვის იქნება. მეც ბევრჯერ დამიშვია შეცდომა, მინანია ცრემლებამდის, მაგრამ მერე გადამიტანია, ანუ ფაქტს შევგუებივარ. ჩემი თხოვნაა, გაითვალისწინოთ შემდეგი პუნქტები:

ა) მაქსიმალურად ცოტა შეცდომები. ისწავლეთ შეცდომების დაშვების ხელოვნება. ვგულისხმობ შეცდომების გამოყენებას თქვენსავე სასარგებლოდ. აი პაწუა მაგალითი, თუ შეიძლება რომ მაგალითად ივარგოს. ერთ–ერთ გასაუბრებაზე მე მთხოვეს მეთარგმნა ნაწყვეტი ქართული ტექსტიდან ინგლისურ ენაზე. პირველივე ფრაზა იყო “პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა”. რამდენადაც მე შემოწმებისას ლექსიკონი არ აღმომაჩნდა (არადა მქონდა, საკმარისი იყო ქინდლი ჩამერთო, მაგრამ გვიან გამახსენდა, ისიც გზაში! რის გამოც საკუთარ თავს ვლანძღავ!) შესაბამისად შეცდომების დაშვების დიდი ალბათობა მქონდა. სასწრაფოდ ვცადე გონებაში აღმედგინა ყველა ის სიტყვათშეთანხმება რაც სტუდენტს უკავშირდებოდა და სამწუხაროდ ვერაფერი გავიხსენე. მაგრამ ცხვირი არ ჩამოიშვია. professional student ეს ფრაზა ხელოვნურია, მას არც ლინგვო ცნობს და არც მულტიტრანი. შესაბამისად არც მე. თარგმნის დაუწერელი კანონია: არ თარგმნოთ სიტყვა–სიტყვით, ან სხვაგვარად რომ ვთქვათ: ბუკვალურად! თუ რატომ, მიზეზების ახსნას არ შევუდგები. ეს ისედაც უნდა იცოდეთ. შესაბამისად ვცადე ისეთი სიტყვით შემეცვალა, რაც ნაკლებ აღშფოთებას გამოიწვევდა. მარტივად დავწერე Student. ვიცი რომ ეს შეცდომაა, მაგრამ წინა ფრაზის დაწერას, რომელიც ძალიან არასწორია და ყვირის, მერჩივნა ასეთი სიტყვა მეხმარა. სამაგიეროდ სხვას ჰქონდა professional student დაწერილი და ეგ კიარა, შემმოწმებელი პირის თანაშემწემ (უფრო ზუსტი თანამდებობა არ ვიცი) ისეთი დაკითხვა მომიწყო, ცოტაც და ვიფიქრებდი რომ სერიოზულად გამომეკიდებოდნენ ყველა სიტყვაზე. მინდა გითხრათ, რომ პროფესიული სტუდენტის განმარტება ასეთია: vocational student.

ბ) დროს მიაქციეთ ყურადღება. ამბობენ, რომ როცა თარგმანი გაქვთ აღებული, ჯობია ოდნავ ზედმეტი დრო უთხრათ, ვიდრე ნაკლები და ამის გამო ნაჩქარევი და გადაუმოწმებელი მასალა მიაწოდოთ. ეს კულინარიას ჰგავს რაღაცით. როცა ფაციფუცობთ, კერძს ან მარილი აკლდება, ან სხვა საჭირო ინგრედიენტი. რაც მთლიანობაში გემოს აფუჭებს. მაგრამ საოცარია, პრაქტიკაში ყოველთვის პირიქით ჭრის: ვეუბნები ნაკლებ დროს, მე ვერ ვასწრებ, ამ დროს კლიენტი მოდის და მშვიდად მელოდება, მაშინ როცა თავიდან მეუბნებოდა რომ ძალიან ეჩქარებოდა. ვფიქრობ ეს საოცარი ფენომენი მარტო საქართველოშია გავრცელებული. საქართველოში, სადაც არც დროის ფასი იციან, არც შრომის დაფასება. ყოველთვის ვცოფდები (ჩემთვის ჩუმად გულში), როცა ვხედავ რომ მაჩქარებენ თარგმნას. არადა ეს გონებრივი სამუშაოა, ჩემი ცოდნის, გამოცდილების, ინტუიციის, ტვინის ყოველი ნაწილაკი ჩართულია ამ პროცესში და ძალიან ვღიზიანდები, როცა არ მაცლიან. განსაკუთრებით როცა აღმოჩნდება რომ თურმე არც ისე ეჩქარებათ… და მაინც, ყოველთვის მოიტოვეთ დრო რომ გადახედოთ თქვენს “შვილიკოს”, თუ სადმე სჭირდება “საყელო გაუსწორეთ”, “აჩეჩილი თმები დაუვარცხნეთ”, რადგან “ძიას” წინაშე შესაფერი სახით წარსდგეს.

გ) გამოიყენეთ ლექსიკონი. ნურასოდეს შეგრცხვებათ იმის თქმა, რომ ლექსიკონს იყენებთ. მე ვთვლი, რომ ის ადამიანი, რომელიც ცხვირს იბზუებს იმ მთარგმნელის წინაშე, რომელიც ლექსიკონს ხმარობს, არის ქედმაღალი და უვიცი. ლექსიკონი ჩვენთვის იგივეა რაც ქირურგისთვის სკალპელი. სასურველია თუ მაინც გადაამოწმებთ ხოლმე უკვე ნაცნობ სიტყვებს. სიფრთხილეს თავი არ სტკივა, მეორე მხრივ, ერთი საშინელი უკიდურესობა აქვს, რომელიც ასე ჟღერს: ზედმეტად ლექსიკონს არ მიეჯაჭვოთ! ლექსიკონი კარგია, მაგრამ მასზე დამოკიდებულად ყოფნა მავნებელია, ჰკლავს მთარგმნელობით სულს.

დ) მთარგმნელი, ცხადია, გულისხმობს, რომ მას უნდა გააჩნდეს კომპლექსური ცოდნა (ლინგვისტის, ფილოლოგის, ლიტერატურათმცოდნის და კიდევ ათასი სხვა სფეროს), მაგრამ ვიწრო სპეციალიზაციით დაყოფა აქაც ხდება. ეს უნდა იცოდეთ. მე მაგალითად, ვთვლი რომ არის სფერო, რომელსაც უბრალოდ ვერ შევეხები. მე ვერ ვთარგმნი ბიოქიმიურ, ბიოლოგიურ, რთულ სამედიცინო ტექსტებს, მასალებს ბირთვულ ფიზიკის და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროდან. და რაც მთავარია მხატვრულ ლიტერატურას! ჩემი სუსტი წერტილია. შესაბამისად, ასეთი შემთხვევების დადგომისას, ვცდილობ თავიდან ავირიდო თარგმნა. მაგრამ ჩვენთან ხომ როგორ შეიძლება მთარგმნელმა უარი თქვას. უარს ამბობს ესე იგი არ იცის ენა… რა ძნელია ხოლმე აუხსნა კლიენტს, რომ აქ საქმე ენის ცოდნა– არცოდნას კი არ ეხება, არამედ დარგის სპეციფიკას. მეზიზღება ტექნიკური სათარგმნები! სიამოვნებით ვიქნებოდი მრავალმხრივ განვითარებული ერუდიტი, რომელსაც ნორმალურ ადამიანთან შედარებით, ბევრი რამ გაეგება, მაგრამ არ ვარ ასეთი და რა ვქნა? ამიტომ “ენა არ იცის” იარლიყი უნდა მომაკრან? რა უსამართლობაა…

იგივე ხდება ზეპირ თარგმანზეც და სინქრონზეც. ვთვლი, რომ ამ სახის თარგმანებს სჭირდებათ სპეციალური კურსის გავლა. მე არ მაქვს გავლილი, ამიტომ ზეპირ თარგმანს ვერიდები. მერე რა თუ ერთი ორჯერ უცხოელს დაველაპარაკე? ან სანოტორო მოქმედებებში როგორც თარჯიმანი ვმონაწილეობდი?  შევხვედრივარ ადამიანს, რომელმაც იცოდა კარგი სალაპარაკო ინგლისური (ზეპირ თარგმანებს ასრულებდა), მაგრამ დოკუმენტების თარგმნა უჭირდა, იმიტომ რომ წერა ეძნელებოდა.სწორედ ამიტომ არის, ტოეფელის ტესტების ჩაბარებისას, მსურველები გადიან როგორც წერით, ისე ზეპირ სავარჯიშოებს და წერენ თავისუფალ თემებს. საზღვარგარეთ ეს არ უკვირთ. მათ იციან და ითვალისწინებემ. უკვირთ მხოლოდ ჩვენთან..

 

***

ვფიქრობ აქ უნდა გავჩერდე. ახლა ღამეა და მეტი არ მახსენდება, ამ ბოლო დროს მალე მიწყდება ფიქრის ძაფი. არადა ვიცი, მერე უკმაყოფილების გრძნობა გამიჩნდება. თუ რამეა, შემდეგ პოსტს მივუძღვნი. რა არის ჩემი დაღლილობის მიზეზი? ეს–ესაა მოვრჩი ჩემი სტუდენტური ცხოვრების ერთ ნაწილს, რომელსაც ვაჯამებ სადიპლომო ნამუშევარის დაცვის სახით. რა კარგია როცა ადამიანს ორი და მეტი პროფესია აქვს.

ხო, კიდევ რა მინდოდა მეთქვა. ძალიან მრცხვენია, როცა წარმოვიდგენ, რომ ჩემს “ნოტაციას” ჩემზე უფრო გამოცდილი (მრავალწლიანი) მთარგმნელებიც წაიკითხავენ. მაგრამ მაპატიეთ, მე ჩემს ბლოგზე ვწერ, თანაც ეს რჩევებია. მეორე მხრივ, სულაც არ მინდა ისეთმა ქარაფშუტა ადამიანმა წაიკითხოს, რომელიც მოგვიანებით ჩათვლის, რომ არიქა, უკვე მთარგმნელის სპეფიციკას ჩაწვდა და შეუძლია ამ ასპარეზზეც გამოვიდეს. არა, ჩემო კარგებო… ნებისმიერი გონებრივი სამუშაო, წიგნის წაკითხვას ჰგავს. შინაარსს ვერ გაიგებ ასე მოკლე ანოტაციებით. სანამ არ გავა ორი, სამი, ოთხი, ხუთი წელი (ჩემს შემთხვევაში 6 წელი), სანამ არ ისწავლით საკუთარ შეცდომებზე (ჩემსავით) და კიდევ ბევრი ასეთი წელი გინდათ (ჩემსავით), რომ თქვათ: დიახ, მე მთარგმნელი ვარ, რომელსაც არ ეშინია სიტყვების ზღვის, მე მაქვს კომპასი და თუ დავიკარგე თარგმნაში, გზას გავაგნებ!

About these ads